6-12-2018
"დაწყევლილი იყავი საშვილიშვილოდ, შე უპატრონოვ“, - აღნიშნული სიტყვებით „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმის მოსამართლეს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა დღეს სხდომათა დარბაზიდან გასვლისას მიმართა.
სასულიერო პირის გაღიზიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის ინფორმაციით, თბილისსა და გორში აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
სუს-მა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნუგზარ ჯანჯღავას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
16-11-2024
16-11-2024