გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე ქანთარია: ცალსახაა, რომ ომი დაიწყო მაშინდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის უგუნურობამ ან მიზანმიმართულმა ქმედებამ

8-08-2019

პარლამენტის წევრი, ალექსანდრე ქანთარია აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, აგვისტოს ომიდან და ქვეყნის ტერიტორიების კიდევ ერთხელ დაკარგვიდან თერთმეტი წელი გავიდა და მძიმეა ეს წლები ყველასთვის - ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს; ბავშვებისთვის, რომლებმაც მშობლები დაკარგეს; დევნილებისთვის, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან იძულებით აიყარნენ და ზოგადად, თითოეული ქართველისთვის.

"ამ მძიმე დღეს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ომის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. პირიქით, საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მტერი თბილისში არ შემოვიდა. არადა, ყველას ყველაფერი ახსოვს: წითელ ხიდთან დამდგარი რიგები, მოწოდება - მოსახლეობის დანა-ჩანგლით დაცვის შესახებ, გუბერნატორის რუსი გენერლის მძღოლად გაფორმება და ჩვენი გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მიტოვება. რომ არა მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრების გამოტანაც გაჭირდებოდა.

ამდენი წელი გავიდა და კვლავ იმაზე მიდის კამათი, ომი ვინ დაიწყო. ცალსახაა, ომი დაიწყო მაშინდელი ხელისუფლების და სააკაშვილის უგუნურობამ ან მიზანმიმართულმა ქმედებამ, პროვოკაციების აყოლამ და ძალისმიერი მეთოდებით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილებამ, რასაც მოყვა ჯერ შეიარაღებული ფორმირების გამოჩენა, შემდეგ კი რუსეთის რეგულარული არმიის შემოსვლა და ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ აღიარება. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობა.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტის გამოყენება, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქართველოს გამთლიანებამდე. დარწმუნებული ვარ, სამართალი აღდგება და საქართველო დროებით დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს", - აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031