გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე

1-04-2021

რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს იმ ჩიხიდან, სადაც სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა, მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უფლებას იტოვებს, აღარ დაკარგოს დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და მთლიანად ორიენტირდნენ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ხალხს და ქვეყანას აწუხებს.

"მინდა გამოვეხმაურო მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით აქტიურად მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც, შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან: კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, მთელი ცივილიზებული საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს იმ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცაღა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა, ასევე აღვნიშნო, ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, ეს იქნება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ასევე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, ჩვენ გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა, თხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. სხვათა შორის, ამას ადასტურებენ თავად ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც.

ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. „კრიზისი", რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ცდილობენ, სინამდვილეში მხოლოდ თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი მეგობრების, ევროკავშირის ინსტიტუტების, ბატონი შარლ მიშელის და კრისტიან დანიელსონის უდიდესი პირადი ძალისხმევის. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ძალზე მნიშნველოვანი იყო ყველასთვის. ვფიქრობ, ევროპა დღეს კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც უფრო ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს. ეს კი ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31