გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

1-12-2025

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.


ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.


„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა.


დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას.


თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.


ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031