12-02-2026
„იგლ ჰილსის" პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ოპოზიციას.
„გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი.
დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი. ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე. აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. მე ვიტყოდი, რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალიც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მილიარდი ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მილიონ ლარს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარება აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
3-02-2026