გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები არის თანმიმდევრული, იცავს იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული; ის ქართული საზოგადოების მოკავშირეა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში

17-02-2026

კვლავ დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს იმისთვის, რომ საქართველო ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს, ქართველი ხალხის კეთილდღეობის დაზიანების ხარჯზე კი, ჩვენი სამშობლო საკუთარი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება.

 

"ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ გეოპოლიტიკური წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და მსოფლიოში ახალი თამაშის წესები მკვიდრდება, რაზეც დიდი სახელმწიფოების, სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირებისა და ალიანსების ხელმძღვანელები პირდაპირ და დაუფარავად საუბრობენ. იმის განსაზღვრისთვის თუ სად აღმოჩნდება ახალ მსოფლიო წესრიგში კონკრეტული სახელმწიფო, უდიდესი და უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიცავს და რამდენად მოუფრთხილდება ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება და ხალხი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.


ხმამაღალი პროგნოზების მიუხედავად, ჯერჯერობით გადაჭრით ვერავინ იტყვის როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პატარა, მაგრამ საკვანძო მდებარეობის მქონე ქვეყანას კვლავ დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს იმისთვის, რომ საქართველო ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს, ქართველი ხალხის კეთილდღეობის დაზიანების ხარჯზე კი, ჩვენი სამშობლო საკუთარი მიზნებისთვის ვერავინ გამოიყენოს.


აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოსთვის 2025 წელი, წინა პერიოდის მსგავსად, შიდა თუ საგარეო გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. საბედნიეროდ, სახელმწიფო ინსტიტუტების გააზრებული ქმედებებით და ქართული საზოგადოების ბრძნული გადაწყვეტილებით ჩვენ წინაშე არსებულ სირთულეებს ღირსეულად გავუმკლავდით, დავიცავით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კიდევ უფრო გავამყარეთ სუვერენიტეტი. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, არა ქართულ, არამედ უცხო ძალების ინტერესებს ემსახურებოდა და იმ ხალხის წინააღმდეგ ეწეოდა საბოტაჟს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის მანდატი მიანიჭა, დღეს ჩვენი სახელმწიფოს მეთაური ქართული საზოგადოების მოკავშირეა და საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შიგნიდან თუ გარედან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. საბედნიეროდ, ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა, რაც, პირველ რიგში, იმ უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელებაში ვლინდება, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამ ყველაფერს კი დღეს მიხეილ ყაველაშვილი განასახიერებს", - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 35-წლიან პერიოდში პრეზიდენტები არა ჩვენი სახელმწიფოს, არამედ გარე ძალების ინტერესებს ემსახურებოდნენ.

 

"სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 35-წლიან პერიოდში, შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტები, არა ჩვენი სახელმწიფოს, არამედ გარე ძალების ინტერესებს ემსახურებოდნენ, არაფრად აგდებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამის კანონმდებლობას საკუთარ თავზე ირგებდნენ, სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობას ვერ იაზრებდნენ და ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს ინდივიდუალურ ინტერესებს უქვემდებარებდნენ, რამაც საქართველოს უამრავი სირთულე შეუქმნა. 2024 წლის ბოლოდან კი ეს მავნე პრაქტიკა წარსულს ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება!


როგორც აღვნიშნე, დღესდღეობით მსოფლიოში არსებული წესრიგის ძირეული ცვლილების პროცესს ვადევნებთ თვალყურს, ასეთ მოცემულობაში კი ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტები მაქსიმალურად ეფექტიანი კოორდინაციით წარმართავდნენ პოლიტიკას, ერთობლივად მუშაობდნენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ დგამდნენ. დღეს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა აქტიურად თანამშრომლობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესები ყოველთვის სათანადოდ იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ქართული კულტურისა და ისტორიის, ოჯახური ღირებულებების, ჩვენი ტრადიციების, დედა ეკლესიის დაცვაზე და ამ ყველაფრის გარშემო საზოგადოების გაერთიანებაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მისი ქმედებები არის თანმიმდევრული, იცავს იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყანაში წესრიგისა და დემოკრატიის უზრუნველყოფას ეხება ყოველთვის არის შეუვალი.


დასასრულს, ბატონო პრეზიდენტო, განვლილი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, კონსტიტუციით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების ღირსეულად შესრულებისთვის, იმისთვის, რომ იცავთ სახელმწიფო ინტერესებს, ზრუნავთ საზოგადოების ერთიანობაზე, ყოველთვის ხართ კონსტრუქციული, ხელს უწყობთ სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციას, აქტიურად თანამშრომლობთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მინდა ჩვენი გუნდის სახელით ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ძალისხმევა ჩვენს ქვეყანას და ხალხს მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728