26-02-2026
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია უკვე მეათედ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტ ძალასთან თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესების შეწირვას. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი Live“.
კირცხალია ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა დროებითია და არ შეესაბამება იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც ადრე იდგა ევროპა და დიდი ბრიტანეთი.
მისივე თქმით, სანქციები სუვერენულ ქვეყანაზე მიზანმიმართულ თავდასხმად აღიქმება და ასეთი ნაბიჯები მათთვისვეა კონტრპროდუქტიული.
„კაია კალასი და დიდი ბრიტანეთის დღევანდელი მმართველობა არ არის მუდმივი და არ არის ის ღირებულებები, რაზეც დიდი ბრიტანეთი და ევროპა იდგა. ჩვენი მხრიდან გამორიცხულია ნებისმიერი პოზიციის დათმობა, რომელიც ოდნავ მაინც შეარყევს იმ მტკიცე და ეროვნულ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული. თითოეულ მათ ასეთ პასუხზე და თითოეული მათი ასეთი შემოტევა და თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე, თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, სუვერენიტეტზე იქნება არა პროდუქტიული, არამედ კონტრპროდუქტიული მათთვის.
ჩვენ ამას როგორც სანქციას ისე არ განვიხილავთ, ნურას უკაცრავად. ეს არის სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა. თითოეული მათი გადადგმული ბინძური ნაბიჯი, რომელსაც სანქციით ფუთავენ, ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე. დღეს, იმ ყველაფერთან, იმ ბევრ სიბინძურესთან ერთად გაბედეს და თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას დაარტყეს. ეს დღეს გაბედეს ამათმა და როდესაც ამ ყველაფერს ბედავენ როგორ უნდა ვთქვა, რომ პროდუქტიულია- კონტრპროდუქტიულია“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.