2-03-2026
საქართველოს პროკურატურამ ფალსიფიკაციის და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ სახლში შემდგომში რეალიზების მიზნით 4 795.50 ლარის ღირებულების 360 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი და 1 519 ცალი ყალბი აქციზური მარკა დაამზადა.
„ბრალდებულმა ფალსიფიცირებული არყის ნაწილი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გაასაღა, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს. მის მიერ დაქირავებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისთვის) და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყალბი აქციზური მარკების დამზადება და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.