12-03-2026
ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
კითხვაზე - ვისი სურვილია, რომ საქართველო პროირანულ ძალად წარმოაჩინოს და რა არის ოპონენტების გათვლა, რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ დეზინფორმაციულმა კამპანიამ?, - კირცხალიამ უპასუხა, რომ „იმის სურვილია, ვინც ცდილობდა, რომ საქართველო პრორუსულ ძალად წარმოეჩინა 2022 წლის შემდეგ“. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ.
„სრულიად მერკანტილური ინტერესები აქვთ, მათი ერთადერთი ინტერესია, პირნათლად შეასრულონ დავალებები. მიყვებიან სცენარს, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა. საუბრობდნენ ყულევის პორტის დასანქცირებაზე, მათ შორის მათი ერთ-ერთი პატრონის წარმომადგენელი, გერმანიის ელჩი ამას ძალიან სერიოზულად და გულის ტკივილით ქადაგებდა, თითქოს ჩვენ ქვეყანაზე შესტკივა გული. ზუსტად იგივე მეორდება ერთი წლის ჭრილში“, - აღნიშნა მან.
ამასთან, კირცხალიამ უპასუხა კითხვას - რატომ გახდა ყულევის პორტი სამიზნე?
„ერთ-ერთი სტრატეგიული, მთავარი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის. სერიოზული, ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაარტყამენ ამას. დღეს ვხედავთ რა ხდება ევროპაში, რა გამოიწვია ამ სიტუაციამ - [ფასების] კატასტროფული ზრდა ენერგომატარებლებზე. როდესაც ბრიტანეთის ელჩი აცხადებდა, რომ ევროპაში პირობითად ათჯერ გაძვირებულ გადასახადს იხდიან მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეებმა რატომ არ უნდა გაიზიაროს ეს ბედიო, ჩვენი პოზიცია მკაფიო იყო - გამორიცხულია, არ გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იხადოს საწვავში, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იხადოს კომუნალურ გადასახადებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა სანამ ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილურია, სადაც მშვიდობის პოლიტიკა აქვს ხელისუფალს, იქ ძალიან რთულია აგენტურის მოქმედება, აგენტურის არეალი მაქსიმალურად შეზღუდულია. იმიტომ რომ საზოგადოება ცხოვრობს მშვიდად, ჩვეულებრივად ცხოვრობს დღეს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დღეს როდესაც ცეცხლი ალშია გახვეული საქართველოს ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანა. რა თქმა უნდა პირველი გირტყამენ იქ, სადაც მოწყვლადობა არის საწყისი იმ გადატრიალების, რევოლუციური სცენარის, რისი დაკვეთაც არის პირდაპირ, რასაც არა მხოლოდ აქაური აგენტურის ხელით აკეთებენ, არამედ პირდაპირ არიან თავად ჩართული“, - განაცხადა კირცხალიამ.