16-03-2026
„ფასდაკლების სიღრმეც, ინტენსივობაც, რა წილი გაიყიდება ფასდაკლებებში და იქნება თუ არა თვითღირებულებაზე ნაკლები ძალიან განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით“, - ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
მან ფასდაკლებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ხშირად სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც იყიდება, რადგან მომხმარებლებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ პროდუქტებზე.
„როგორც წესი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები იყიდება მინიმალური მარჟინალობით და ხშირად ზარალითაც, შესაძლებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც გაიყიდოს, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. არის კატეგორიები, სადაც პრომოს წილი ძალიან მაღალია, შეიძლება ითქვას, უმეტესი ნაწილი პრომოში იყიდება და არის კატეგორიები, სადაც პრომოს მიმართ ელასტიკურობა მინიმალურია და არ იყიდება, ამიტომ, ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით. ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი. ჯგუფდება ცილები, ცხიმები და ასე შემდეგ. ყველა კატეგორიაში თითქმის ყოველთვის გარკვეული აქცია არის“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.