გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: აგროინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება

16-03-2026

საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტი", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით,  სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარადგინა.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გახსნეს.


„ინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ეს შედეგი არ არის შემთხვევითი. ეს მაჩვენებელი იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ემსახურება”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, აგრობიზნესი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას, სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; სწორედ ამიტომ დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, განვითარდა გადამმუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა და გაიზარდა ინვესტიციები სექტორში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ გაჯანსაღებას ქვეყანაში. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 8%-ით იზრდება აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება. 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა“, – აღნიშნა მინისტრმა.


მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიც. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.


„სექტორის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორობაზე, რომელიც სახელმწიფოს, ბიზნესს, მეცნიერებსა და ფერმერებს აერთიანებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით. აპრილიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისებრივად ახალი მიმართულებები.


ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და მის გარდაქმნას თანამედროვე, ინოვაციურ და მაღალი პროდუქტიულობის სექტორად“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


საინვესტიციო ბანკის „გალტ & თაგარტი" კვლევის მიხედვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს პროდუქტიულობას, ფასების სტაბილურობასა და ინვესტიციებს, 2017–2024 წლებში მთლიანობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. კვლევა ასევე მიუთითებს, რომ საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება და 2025 წელს დაახლოებით 21.5 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წლისთვის 30 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031