16-03-2026
„ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს“, - ამის შესახებ საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქსელები წამოიღებენ პროდუქციას, მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შედეგად კი, კონტრაქტულ ურთიერთობებში ასიმეტრია აღარ იქნება.
„მარტივ რაღაცას ვსაუბრობთ, როდესაც თქვენ წამოიღებთ პროდუქციას, მასზე იყოთ პასუხისმგებელი ან არ წამოიღოთ - ორი არჩევანი გაქვთ. ახლა, როდესაც ასიმეტრიულია ურთიერთობა, მე ვარ ქსელი და პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროდუქციაზე არ ვგრძნობ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს, მაგრამ, როდესაც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არსებობს, ორჯერ დავფიქრდები კონკრეტულ პროდუქტზე, შემოვიტანო თუ არა ჩემს ქსელში. ამაზეა საუბარი - თუკი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანიც ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში, უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მომწოდებლიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.