17-03-2026
მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც.
„2023 წლის ბოლოს გამოვლინდა უკვე გარკვეული არსებითი ფორმით პრობლემები მართვაში კორუფციის კუთხით. მაშინ გაკეთდა გაანცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ერთ-ერთი მთავარი მინიშნება ჩვენს პარტიულ ყრილობაზე გაკეთდა სწორედ კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვემცირებინა თვისებრივად კორუფციის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში და პრინციპულად აღმოგვეფხვრა კორფუცია პოლიტიკურ დონეზე, რაც იყო ჩვენი უპირველესი ამოცანა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ერთია თვითონ სისხლის სამართლებრივი დევნა, გამოძიება, ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ. 200-ზე მეტი საქმე, რაც არის კორფუციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, მათ შორის, იყვნენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, თუმცა ეს არ არის ძირითადი ასპექტი კორფუციასთან ბრძოლის.
მთავარი არის ის მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში. პირველ რიგში, გამჭვირვალობის კუთხით იყო სერიოზული პრობლემები და პირველივე დღიდან, როდესაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, 2024 წლის თებერვალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტის გასაჯაროების თაობაზე. მთავრობის საქმიანობა გახდა სრულია გამჭვირვალე და დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ათასობით აქტი, რომელიც არის სრულიად გამჭვირვალე და აბსოლუტურად ღიად შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ინფორმაცია. თუ გექნებათ ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე მზად ვართ პასუხისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა კონკრეტული პრაქტიკების მოწესრიგების საკითხზე.
„ასევე, კონკრეტული პრაქტიკები მოვაწესრიგეთ, რომელიც ეხება, მაგალითად იგივე სახელმწიფო ქონების გასხვისებას. პრივატიზაციის ნაწილში იყო ჩამოყალიბებული ძალიან მარტივი პრაქტიკა, მაგალითად 1 ლარად შეიძლება გასხვისებულიყო სახელმწიფო ქონება. მთლიანად აღმოიფხვრა ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა ქონების პრივატიზაციიდან, ჩვენ შემოვიღეთ აუქციონის წესი. ყველაფერზე ცხადდება აუქციონი, რომელიც არის გამჭვირვალე და შესაბამისად, აქ თეორიულადაც გამორიცხულია ქონების პრივატიზაციის დროს კორუფცია. თეორიული შანსიც კი არ დავტოვეთ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ხარჯზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.