17-03-2026
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე.
„ჩვენი ოპონენტებისთვის რთულია იმის აღიარება, რომ რეალურად ეს ყველაფერი შეიცვალა, დამკვიდრდა სრულიად ახალი პრაქტიკა. როდესაც საუბარია პრივატიზაციის პრაქტიკაზე, რა შუაშია კლანებს შორის ბრძოლა, თეორიულადაც რომ დავუშვათ ასეთი რამ - ჩვენ მარტივი რაღაც გადავწყვიტეთ, რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ქონების გასხვისება, ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურ მოგებას იღებს სახელმწიფო, რადგან ყველაფერი გადის აუქციონზე. დაარქვან ამას კლანებთან ბრძოლა თუ კლანებს შორის ბრძოლა, სისულელეა.
რაც შეეხება მთავრობის აქტების გამჭვირვალობას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა აქტის გამჭვირვალობის თაობაზე. ესეც კლანებს შორის ბრძოლაა თუ რა არის? იგივე როცა საქმე ეხება ნეპოტიზმის პრაქტიკის აღმოფხვრას. ეს 60 მილიონი არაფერ კავშირში არ არის რაიმე შიდა ბრძოლასთან თუ დაპირისპირებასთან. შესაბამისად, 10 კომპონენტიდან ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანების გასამართლების წილი კორუფციასთან ბრძოლაში.
ჩვენ რომ გვდომოდა კორუფციული პრაქტიკის შენარჩუნება, არც აუქციონები გაიხსნებოდა, არც მთავრობის აქტები გახდებოდა გამჭვირვალე, არც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ გაიშლებოდა ფართოდ ბრძოლა, არც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, არც ენერგეტიკას შევეხებოდით და გავაგრძელებდით იმ პრაქტიკით მუშაობას, რაც მანამდე იყო დამკვიდრებული.
ერთი პატარა ნაწილია წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ყველაფერი დანარჩენია მთავარი.
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ რაც არის ჩამოყალიბებული იმ პრაქტიკის მიხედვით პასუხისმგებლობას ვიღებთ, იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, ნებისმიერი პრივატიზაცია, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა და ა.შ. თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ კორუფციის ფაქტს, მზად ვართ, იქვე რეაგირებისათვის. ერთი მოიტანონ. იმაზე კი არ ვსაუბრობთ რომ სისტემური უნდა იყოს, ერთი ფაქტი მოიტანონ, როდესაც ქონება გასხვისდა და სახელმწიფომ მიიღო იმაზე ნაკლები შემოსავალი, რაც შეიძლებოდა, რომ მიეღო, ან განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაო, შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება მილიონად და გაკეთდა მილიონ ნახევრად. ნებისმიერი ასეთ ფაქტი მოიტანონ, მზად ვართ რეაგირებისათვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, არაფერ შუაში არ არის შიდა ბრძოლები, დაპირისპირებები, პრინციპულად შეიცვალა პრაქტიკა.
„ეს მონაცემები, რაზეც ვსაუბრობდი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული ნება, რადიკალურად შევცვალოთ ამ კუთხით ქვეყანაში ვითარება, რაც იოლი არ არის, ეს მენტალიტეტის საკითხიც არის, მაგრამ სწორედ ასეთი პრაქტიკის დამკვიდრებით, შესაძლებელია შედეგზე გასვლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.