24-03-2026
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის ახალი ტარიფი და სახელმწიფო სუბსიდირების პირობები გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლების რწმუნებულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.
მამელი ქობალიამ ტარიფის ცვლილების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, მოქმედი ტარიფი 14 წლის წინ იყო დადგენილი და აღარ ასახავდა რეალურ ხარჯებს. მარეგულირებელმა კომისიამ დეტალურად შეისწავლა კომპანიის საოპერაციო დანახარჯები და ახალ ტარიფში გაითვალისწინა ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც მელიორაციის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრა წყლის როგორც საბითუმო, ასევე საცალო მიწოდების საფასური.
კომერციულმა დირექტორმა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის შემუშავებულ მექანიზმზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სუბსიდირების სქემაში ჩასართავად და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ, თუმცა ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან.