25-03-2026
„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც 10 წლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 - მა ქართულმა სტარტაპმა უკვე ისარგებლა საკანონმდებლო შეღავათით. ისინი, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში, 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ისარგებლებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო შეღავათით რეგიონული სტარტაპებიც დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქმიანობას საქართველოდან განაგრძობენ. „ინოვაციური სტარტაპის სტატუსით რეგიონული სტარტაპები ინტერესდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოსვლას და პროექტების განხორციელებას განიხილავენ - სტატუსთან ერთად ქვეყანაში შექმნილია ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლითაც საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია სტარტაპის განვითარებისთვის რეგიონში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.