30-03-2026
მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, "ომეპრაზოლის" შემთხვევაში - ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-20 ლარის ფარგლებში და ჯენერიკის არის - 12-18 ლარის ფარგლებში, ანუ, სხვაობა არის მინიმუმზე მინიმუმი, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, "ჯი-ემ ფარმას" წარმომადგენლის, გუგა რამიშვილის რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა: "თუკი რომელიმე ორიგინალი [მედიკამენტი] არის იაფი და ჯენერიკები მასთან დაკავშირებით ძალიან იაფი არ არის, ეს კარგი გამონაკლისია და არა ცუდი გამონაკლისი."
ხუნდაძის განმარტებით, ჯენერიკული მედიკამენტების ზოგადი პრინციპია ხელმისაწვდომობა, თუმცა, იმავე მოქმედების ეფექტით, რაც ორიგინალ მედიკამენტს აქვს.
"ზოგადი პრინციპი ჯენერიკის ხომ ეს არის, რომ ფასთან კონკურენციის გამო, ის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, აქ ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი, იმიტომ, რომ ბიოექვივალენტობის ხარისხიც აქ სტანდარტულად დგინდება, ანუ, მოქმედების ეფექტი უნდა იყოს ერთი და იგივე. მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?" - აღნიშნა ხუნდაძემ.
გუგა რამიშვილმა ხუნდაძეს განუცხადა: "მოდით, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, წარმოგიდგენთ რაღაც მასალას, გამოგიგზავნით ან ელექტრონული ფოსტით, ან რაღაცით. ასეა თუ ისე, თუკი გენერიკული ომეპრაზოლი ღირს აქ იაფი და ორიგინალი ომეპრაზოლიც ღირს იაფი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გენერიკული ომეპრაზოლი უნდა გახდეს ძალიან, ძალიან, ძალიან, იმაზე იაფი, ვიდრე ვიღაცას წარმოება უჯდება, ჩემი აზრით."
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილება.