გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

5-04-2026

პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.


სამხედრო მოსამსახურეები, ამჯერად, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლასა და სამტრედიაში, კერძო სკოლას - „ცოდნას“ ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და  საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930