14-04-2026
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოში ღვინის კულტურის გავლენას შეხვდებით ყველგან - ფერწერაში, პოეზიაში, კინოში, სიმღერაში, ჭირსა თუ ლხინში. საქართველოში ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ცხოვრების წესია, ღრმად ინტეგრირებული საზოგადოების ცნობიერებაში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მინისტრმა ყურადღება საქართველოში ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში აღწერილია 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რომლებიც წარმოადგენს უნიკალურ რესურსს როგორც მეცნიერული კვლევებისთვის, ისე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.
„ქართული ღვინის სექტორი წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელიც წარმატებით აერთიანებს ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს, წარმოების სტანდარტიზაციასა და ექსპორტის დივერსიფიკაციას. ქართული ღვინო დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და თანდათან იმკვიდრებს პოზიციას, როგორც მაღალი ხარისხის, უნიკალური და კულტურულად გამორჩეული პროდუქტი. ბევრ ქვეყანაში შეძლებთ მის დეგუსტაციას, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ღვინო, ღვინის სამშობლოში მაინც განსაკუთრებულად ისმება. 8 მაისს, საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.