გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პროკრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება

22-04-2026

ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი ვიქტორ ორბანი ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.


როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის პარტიებისთვის მკაფიო იდეოლოგიური იარლიყების მიკუთვნება ხშირად უშედეგო მცდელობაა, დამკვირვებელთა უმეტესობა რუმენ რადევის პარტია „პროგრესულ ბულგარეთს“ ეკონომიკურ საკითხებში ზოგადად მემარცხენედ მიიჩნევს, თუმცა სოციალურ და საგარეო პოლიტიკაში მას კონსერვატიული და ნაციონალისტური ტენდენციებიც ახასიათებს.


„ბატონი რადევი, რომელიც ბულგარეთის პრეზიდენტი იყო, ახლა პრემიერ-მინისტრის გაცილებით გავლენიან პოსტს დაიკავებს, რითაც დასრულდება ეპოქა, როდესაც ბულგარეთის პოლიტიკაში თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალები დომინირებდნენ. თუმცა ბულგარეთის ევროკავშირელი პარტნიორებისთვის უფრო მეტად შემაშფოთებელი, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ ახალი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება იქნება - საზღვარგარეთიდან კომენტარების დიდი ნაწილი რადევის ზომიერ პრომოსკოვურ ორიენტაციაზეა ფოკუსირებული“, - აღნიშნავს გამოცემა.


სტატიის ავტორის თქმით, „თანამედროვე ეპოქაში „ძმურმა“ დამოკიდებულებამ განაპირობა, რომ ბულგარელებს არ უჭირთ ერთდროულად როგორც აღმოსავლეთისკენ, ისე დასავლეთისკენ ყურება“ და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ენთუზიაზმით შეუერთდა როგორც ევროკავშირს, ისე ნატოს, ბულგარეთმა შეინარჩუნა ძალიან მჭიდრო კავშირები რუსეთთან, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სფეროში.


„ბულგარეთი ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრიუსელი მზადაა, თვალი აარიდოს „კარგი ევროპელების“ საქციელს. ორბანის მთავრობები უნგრეთში ეჭვქვეშ დააყენეს სავარაუდო კორუფციის გამო, მაშინ, როცა ცუდ ტონად ითვლება იმის შემჩნევა, რაც რუმინეთში ხშირად გაცილებით უფრო აშკარაა. მაგრამ ბატონი რადევისთვის პრობლემა ის არის, რომ ახლა, როცა ბუდაპეშტსა და ვარშავაში პროევროპული ძალები ხელისუფლებაში არიან, რუსეთისადმი ბულგარეთის ტრადიციული სიმპათია, სავარაუდოდ, ბევრად უფრო თვალშისაცემი გახდება, ვიდრე წარსულში იყო“, - წერს The Telegraph-ი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930