22-04-2026
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „გოკულამ მუვიზ"-ის (Gokulam Movies) წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.
სტუმრებს გომბორში დახვდა და ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ედუარდ ჯიშკარიანმა.
ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარტნიორ კომპანია, ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციასთან'' თანამშრომლობით საქართველოში სამხედრო თემატიკაზე ფილმის გადაღებას გეგმავენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პროექტის დირექტორი, რეჟისორი მოჰანან ვიშნუ, პროექტის კოორდინატორი უნნიტჰან ვიშნუ რაჯანი, საბრძოლო სცენების დამდგმელი რეჟისორი შტეფან რიხტერი, კრეატიული პროდიუსერი კუმარაპურამ სუბრამანიან ჯაიარამი, ოპერატორი (DOP) მიროსლავ ბროზეკი და ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის''გამგეობის წევრი-ბექა ცინცაძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის პირადი შემადგენლობისა და მოხალისეების შესაძლო ჩართულობას გადაღების პროცესში, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რეკვიზიტად გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე ინდური კომპანიის წარმომადგენლებთან საწყისი შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გასულ თვეს გაიმართა, ხოლო დღევანდელი ვიზიტი უშუალოდ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის დათვალიერებას დაეთმო. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.