22-04-2026
„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია შემოდის საქართველოს საავიაციო ბაზარზე - ავიაკომპანია Condor-ი კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით. გერმანია და ზოგადად, ევროპული მიმართულებები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ვმუშაობთ მათი განვითარების კუთხით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 5 ავიაკომპანია 32 სიხშირით შეასრულებს, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას არამარტო გერმანიასთან, არამედ მთლიანად ევროპის ქვეყნებთან.
ამასთან, როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, ფრანკფურტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰაბია, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ავიამიმართულების მნიშვნელობას.
„ზოგადად, ფრანკფურტის საავიაციო ჰაბი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მისი გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკფურტის მიმართულება ჩვენ დაგვეხმარება როგორც ტურისტული ნაკადების მოზიდვის, ასევე ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისითაც", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, 2025 წელს ევროპასა და საქართველოს შორის ჯამურად 2.36 მილიონი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2024 წელთან შედარებით 16%-იან ზრდას შეადგენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველო კვლავ აქტიურად მუშაობს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის და, შესაბამისად, დაკავშირებადობის და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.