22-04-2026
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის - „კრწანისის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიება საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და სარდლობის მთავარმა სერჟანტმა მამუკა ქაფიანიძემ. სიტყვით გამოსვლისას მათ საბრძოლო მომზადებასა და წვრთნებსა თუ სწავლებებში მხარდამჭერი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებული საქმიანობა უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, ცენტრის პირადი შემადგენლობა ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარებას, წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით. ცენტრი, ასევე, ორგანიზებას უწევს საბრძოლო მომზადებას და მის ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას.
მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ მოიცავს საწვრთნელ ბაზებს: „ალგეთი“, „ნორიო“ და „ვაზიანი“.