30-04-2026
ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას.
„დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება სწორ ნაბიჯად მიაჩნია.
„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაიბარებს და რა თქმა უნდა პასუხს მოსთხოვს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას და გადაიდგა არა ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.