30-04-2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, 2 კი მხილებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღკვეთილია ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტი. პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია 2 ხელყუმბარა, 2 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.