5-05-2026
ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში.ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა", - განაცხადა პრემიერმა.