21-05-2026
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მანვე განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ ტოვებს როგორც ევროპარლამენტის წევრის მანდატს, ისე „მწვანეების“ ჯგუფის თანათავმჯდომარის პოსტს. 49 წლის ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ ქმედებებს კრიტიკულად გადახედა და განაცხადა, რომ „ყოველთვის სწორად არ მოქცეულა“. მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი პოზიციისთვის შეუფერებელი იყო.
ბოლო დღეებში საჯარო გახდა მისი ურთიერთობა 25 წლის ავსტრიელ ევროპარლამენტართან, ლენა შილინგთან, რომელიც ასევე „მწვანეების“ ჯგუფს წარმოადგენს. „გადადგომას ლენასთან ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს”, - განუცხადა ეიკჰაუტმა POLITICO-ს თავისი პრესსპიკერის მეშვეობით, ხოლო დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე სპიკერმა უარი განაცხადა.
გამოცემის ცნობით, „მწვანეების“ ჯგუფმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ „ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევებს ძალიან სერიოზულად ეკიდება“ და ხაზგასმით აღნიშნა პროფესიული და ღია სამუშაო გარემოს მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ეიკჰაუტის გადადგომა ხდება 2027 წლის ევროპარლამენტის შუალედური გადანაწილების წინ, როდესაც ევროკავშირის საკვანძო პოლიტიკური პოზიციები ხელახლა განაწილდება. ამავდროულად, ევროპის მწვანეები სირთულეებს აწყდებიან მემარჯვენე ძალების გაძლიერებისა და ნიდერლანდებში მხარდაჭერის შემცირების ფონზე.
ცნობისთვის, ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, საქართველოში იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მან საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა.
13-05-2026