21-05-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული თხილის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, ფერმერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობასა და დარგში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო აგროდაზღვევის მექანიზმებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიან ღონისძიებებსა და მაღალკვალიფიციური აგრონომების საჭიროებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და დარგის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის გაძლიერება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დარგის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თხილის სექტორის გაძლიერებაში და ხელი შეუწყო სამრეწველო ბაღების განვითარებას.
„ბოლო წლებში თხილის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა თანამედროვე, სამრეწველო ტიპის ბაღების რაოდენობა და გაძლიერდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. ამ პროცესში სახელმწიფო პროგრამებმა დიდი როლი შეასრულა, თუმცა დარგის განვითარებასთან ერთად იცვლება საჭიროებებიც. მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის მექანიზმები მეტად იყოს ორიენტირებული თანამედროვე მეურნეობების მოთხოვნებზე, რათა სექტორმა საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს“, - განაცხადა მეთხილე-ფერმერთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შეროზიამ.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თხილის სექტორი სტაბილურად ვითარდება. ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც ექსპორტის რაოდენობის, ისე მიღებული შემოსავლების მიმართულებით. თხილი კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად, რომლის ძირითადი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთია.
13-05-2026