26-05-2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ამბროლაურში კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“ არის წარმოდგენილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
ამბროლაურის ახალ ბულვარში მოწყობილ საზეიმო სივრცეში წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა. ბავშვებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი სივრცე, ხოლო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს მართავენ.
ღონისძიებაში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებიდან 10 ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს და სტუმრებს საუკეთესო ადგილობრივ ღვინოებს სთავაზობენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ეს დღე ყველას გვაერთიანებს და თითოეული ჩვენგანისთვის სახელმწიფოს თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. დამოუკიდებლობა ჩვენი უმთავრესი მონაპოვარია და ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მეღვინეობის დარგსაც შეაქვს. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის იდენტობა, მრწამსი და ღირებულებები, რამაც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, დღევანდელ თავისუფალ და განვითარებულ საქართველომდე მოგვიყვანა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება, ამბროლაურში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „სულიკო“ შეასრულებს.
ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე იმართება ქალაქ რუსთავსა და ფოთში.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები იმართება კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“.
13-05-2026