26-05-2026
„სრულიად საქართველოს ვულოცავ 26 მაისის დღესასწაულს, დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის მართლაც ამაღლებული, საამაყო დღე თითოეული ქართველისთვის", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე თელავიდან მიულოცა.
ვახტანგ ცინცაძემ თელავში ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ფოსტის თემატიკასთან დაკავშირებული შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა.
როგორც ციცნაძემ აღნიშნა, თელავში სამინისტრო წარმოდგენილია როგორც ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებითი და გასართობი პროგრამით, ასევე საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსით და საქართველოს ფოსტის სხვადასხვა სტენდებით.
„გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, ასევე წლევანდელი წელი არის გამორჩეული, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ვზეიმობთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ასევე წარმოდგენილია და ღონისძიებებში მონაწილეობს ფოთში, ქუთაისსა და ამბროლაურში.
„ეკონომიკის სამინისტროს თავისი წვლილი შეაქვს დღევანდელი დღის გალამაზებაში, უფრო ამაღლებული განწყობის შექმნაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ზრუნვას საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეკონომიკის თვითკმარობასა და მის განვითარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის თითოეულ მოსახლეზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
13-05-2026