30-05-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.
მინისტრის განცხადებით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხოლო რუსთავში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
„სამინისტრო აქტიურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და სრულად არის ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან, რათა დაგეგმილი ღონისძიებები იყოს კოორდინირებული და მაქსიმალურად ეფექტიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი ემსახურებოდეს კონკრეტულ შედეგს და რეალურ გაუმჯობესებას. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას როგორც მონიტორინგის, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რუსთავის მერის თქმით, მემორანდუმი ქმნის საფუძველს, რომ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები უფრო ეფექტიანად და კოორდინირებულად განხორციელდეს.
,,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რუსთავში უპრეცედენტო მასშტაბის-მეგა პროექტების განხორციელებას ვიწყებთ და პრიორიტეტად კვალავ რჩება ეკოლოგია. დაგეგმილი გვაქვს რუსთავის ცენტრალ;ური პარკის რეაბილიტაცია. ჭალის ტყის მომიჯნავე ტერიტორიაზე, კი ახალი პარკის მშენებლობაა განსაზღვრული. ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის შესახებაც დღეს, გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად მოვაწერეთ ხელი, რუსთავის მთავარი გამოწვევის- ეკოლოგიის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
მემორანდუმი 2026 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად, რომლის ბიუჯეტი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს და 19 აქტივობას აერთიანებს. დოკუმენტი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამრეწველო სექტორიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას. სამინისტრო გეგმავს საწარმოო ტერიტორიებზე ამტვერებადი მასალების ღია წესით დასაწყობების აკრძალვას, ჰაერდაცვითი მოთხოვნების გამკაცრებასა და საწარმოების ზედამხედველობის გაძლიერებას რუსთავსა და გარდაბანში.
ტრანსპორტიდან გამოწვეული დაბინძურების შემცირების მიზნით, რუსთავსა და გარდაბანში გაძლიერდება საწვავის ხარისხის კონტროლი. პარალელურად, რუსთავის მერია განავითარებს გადაადგილების ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს რეკრეაციული და მწვანე სივრცეების განვითარებასაც - რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის ფარგლებში დაირგვება 10 000 ნერგი, მოეწყობა ახალი პარკები და სკვერები, ასევე მომზადდება მწვანე ბუფერული ზონის შექმნის პროექტი.
გარდა ამისა, დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოებაც, რუსთავში დამატებით ერთი მონიტორინგის სადგური განთავსდება. ამასთანავე, განხორციელდება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია მუშაობა ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მომდევნო ფაზის, 2027 - 2029 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ქალაქ რუსთავსაც მოიცავს.
13-05-2026