1-06-2026
„საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები და ასევე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხიც.
მისივე თქმით, ნატო-ს გენმდივანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კი აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე თავდაცვის მიზნებისთვის დახარჯვის საკითხი.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო 2 დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. ჩვენ, ასევე დღეს მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატო-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს.
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
13-05-2026