გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა

5-06-2026

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება, კლიმატის რისკების შეფასების გაუმჯობესება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა.


„მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და სულ უფრო მეტ ქვეყანას უბიძგებს, განვითარების პოლიტიკა ახალ კლიმატურ რეალობას მოარგოს. საქართველო, როგორც ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყანა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვასა და ეკოსისტემების დაცვას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, რაც როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ რეფორმებს მოიცავს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება დაცული ტერიტორიების გაფართოების, ტყისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ფარგლებში შემუშავდება, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.


ადაპტაციის ეროვნული გეგმა ქვეყნისთვის პირველი სისტემური ჩარჩო დოკუმენტი იქნება, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. პროცესის შედეგად მომზადდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს მმართველობისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას, საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს, ადაპტაციის დაფინანსების სტრატეგიის შემუშავებასა და მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარებას.


გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, დედაენის ბაღში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. საღამოს კი ღონისძიება პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ კონკურსის გამარჯვებული პედაგოგების დაჯილდოებით დასრულდება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1972 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას.


2026 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის გზავნილია - „ბუნებით შთაგონებული. კლიმატისთვის. ჩვენი მომავლისთვის“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930