3-07-2026
როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის, ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მას მაგალითად მოჰყავს საქართველოს მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, რეგულარულად მართავს თეირანში შეხვედრებს, ვინაიდან დიდ პოლიტიკურ აქტორებთან სტაბილური და პროგნოზირებადი კომუნიკაციის შენარჩუნება ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია.
ანალიტიკოსის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ირანთან კომუნიკაცია, ან ქვეყანაში ვიზიტი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ, თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას.
„მაგალითად, ჩვენი მეზობელი სომხეთი: პრემიერი ფაშინიანი, რომელიც მკაფიოდ ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და სამხედრო-პოლიტიკური ვექტორის დივერსიფიკაციას, რეგულარულად მართავს შეხვედრებს თეირანში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონულ, დიდ აქტორებთან სტაბილური და პროგნოზირებადი კომუნიკაციის შენარჩუნება ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია. რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ, თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, კერძოდ, რეგიონალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკას (პროტოკოლი). ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება და იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერა მარტივია, ქვეყნის მართვა კი რეალური ტვირთია, რომელიც ემოციების ნაცვლად ცივ გონებას, წინდახედულობასა და გრძელვადიან გათვლებს მოითხოვს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხში არის არა სისუსტე, არამედ პასუხისმგებლიანი, სუვერენული და სახელმწიფოებრივი მიდგომა“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
13-05-2026
26-06-2026