გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან აქტიურად ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე

3-07-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.


„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მათ შორის, უზბეკეთის მხრიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე მშენებლობა - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებისას ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის გეგმის მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც გააუმჯობესებს და გაზრდის ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას.


„ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, ზოგადად, ბაზრების დივერსიფიკაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ადგილზე დავათვალიერებინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, ისევე, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ ის შესაძლებლობები და მათ შორის, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ააჩქარებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031