3-07-2026
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმებს ხელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ საიდოვმა მოაწერეს.
„უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაფორმებულიყო სამი თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და რადიაციული ნარჩენების მართვის სფეროებში. სამივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თითოეულში განსაზღვრულია თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც აუცილებლად აისახება უზბეკეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის კუთხით კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები იხსნება, რაც ფერმერების შემოსავლის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები გარემოსა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით თანამშრომლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს აგრარული პოლიტიკის, მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებს.
გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების დაცვას, წყლისა და ჰაერის ხარისხის მართვას, ნარჩენების მართვას, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარებას.
რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით კი, გათვალისწინებულია მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ტექნიკური ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, სპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
13-05-2026
26-06-2026