21-07-2026
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას განაგრძობს. აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან ინტეგრირებულია „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“.
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სესხების გაცემა პროგრამაში ჩართული კომერციული ბანკების მიერ მომდევნო კვირიდან დაიწყება.
სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით ( წლიური 8,25%), არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 18%-ით.
ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, ხოლო მარცვლეული კულტურების წარმოების შემთხვევაში - არანაკლებ 10 000 ლარს და არაუმეტეს 300 000 ლარს.
სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების) ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. დაფინანსება მოიცავს სათესი და სარგავი მასალის, სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენის, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, გამოყენებული საწვავის, ასევე სარწყავი მილების ხარჯებს.
პროგრამით განსაზღვრულია ერთი საოპერაციო წლის განმავლობაში კონკრეტული ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.rda.gov.ge
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად შექმნილ ერთიან მექანიზმს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებს.
13-05-2026