გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყურძნის ხარისხზე, რადგან დარგში არის გლობალური გამოწვევები, მათ შორის, ღვინის მოხმარების კლების ტენდენცია - ლევან მეხუზლა

4-08-2026

2026 წლის რთველის მთავარი პრიორიტეტი ყურძნის ხარისხი იქნება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლა, რთველის სიახლეებთან დაკავშირებით განაცხადა.


„მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყურძნის ხარისხზე, რადგან დარგში არის გლობალური გამოწვევები, მათ შორის, ღვინის მოხმარების კლების ტენდენცია. თუ სწორად წარვმართავთ პროცესებს, ნაკლები რისკებით გავივლით ამ კრიზისულ პერიოდს“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს უხვი მოსავალია მოსალოდნელი და წინასწარი შეფასებით, ყურძნის საერთო რაოდენობა 300 ათას ტონას გადააჭარბებს.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს დიფერენცირებული ფასებით შეისყიდის.„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებადართული ყურძნის ჯიშების შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 20%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის შესყიდვის ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 22%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.


„წლევანდელი რთველის სქემა ჯერ კიდევ მარტში დავაანონსეთ, რათა ფერმერებს თადარიგი დაეჭირა. მთელი ზაფხულის განმავლობაში კახეთის 100-ზე მეტ სოფელში მევენახეებს შევხვდით და მათი მოსაზრებები მოვისმინეთ. საფერავის ჯიშთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული წინადადებები და დიდი ალბათობით, მაღალი ხარისხის საფერავისთვის დადგენილი შაქრიანობის ქვედა ზღვარი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდება. არანაირ კომპრომისს არ დავუშვებთ 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძენთან დაკავშირებით, რომლის ფასი 30 თეთრი იქნება”, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930