4-09-2026
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს.
შათირიშვილის განცხადებით, რომან გოცირიძე საკუთარი „ფსევდოანალიტიკური“, „მიკერძოებული“ ანალიზით ეგოს დაკმაყოფილებას, ამავე დროს კი ის, ოპოზიციის მცირერიცხოვან „ბაბლზე“ მანიპულირებას ცდილობს.
შათირიშვილი რომან გოცირიძის ნააზრევს „პროპაგანდისტულ გზავნილად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ გოცირიძე ცდილობს მისი მცირეოდენი მკითხველისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა.
„ანგაჟირებულ ქართველ ე.წ. ექსპერტებს თუ ე.წ. დარგის სპეციალისტებს, როგორც წესი, ჩვევად აქვთ ფსევდოანალიტიკური, თან მიკერძოებული ნააზრევის სოციალურ ქსელში გამოფენა, რითაც, ერთი მხრივ, საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი, მცირერიცხოვანი „ბაბლის“ წარმოდგენებით მანიპულირებას ცდილობენ. ამ საქმეში კი ერთ - ერთი გამორჩეული რომან გოცირიძეა, რომელიც ამჯერად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვას გამოეხმაურა და, რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.
ინტელექტუალური თვალსაზრისით სრულიად არაღირებული ტექსტის ანალიზით, ბუნებრივია, თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ყურადღებას ერთ დეტალზე გავამახვილებ. - გოცირიძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ კუთვნილი ქონების გაყიდვა და ფინანსების საკუთარ ანგარიშებზე განთავსება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან საფრთხეს არ მოელის, თუმცა, ამის გარანტიას რა აძლევს, უცნობია. მეორე მხრივ, ასევე უცნობია, რა აძლევს ბიძინა ივანიშვილს გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება და მისი „დანაშაულების“ შესახებ არ ისაუბრებს.
აღნიშნული პროპაგანდისტული გზავნილის მტკიცებით გოცირიძე ცდილობს, მისი მცირეოდენი მკითხველებისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში გამოსჭვივის უიმედობაში გადაზრდილი მოლოდინი, რომ ერთ დღეს ვინმე, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა დროს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ახლო საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა, ოდესღაც ალაპარაკდება და მის „შავბნელ“ საქმეებზე მოგვიყვება. ასეთი მიდგომა არამხოლოდ გოცირიძისთვის, არამედ მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის არის დამახასიათებელი, რადგან მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთ ისეთ პერსონასთან დაკავშირებით მოგვისმენია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობდა, დღეს კი მასთან ან დაპირისპირებაში იმყოფება, ან კავშირი აღარ აქვს,“- წერს ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ რომან გოცირიძის მხრიდან იმისი მოლოდინი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი „ალაპარაკდება“ ფუჭია, რამდენადაც მას ამისი საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ „მყვირალა“ განცხადებების მეტი არაფერი უკეთებია.
„ბაჩიაშვილის მხრიდან „ალაპარაკების“ სურვილი და მოლოდინი რომ ფუჭია, ისიც ამტკიცებს, რომ ის თავის დროზე ღიად აკეთებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებს, შემდეგ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად პოლიტიკური ნიშნით დევნის სარჩულის შექმნას შეეცადა, ღიად ჩაერთო პროტესტში და გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მხარდაჭერისა და ოპოზიციური ფლანგზე აქტიურობისთვის ისჯებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდანაც გაიქცა. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობდა, ან ფაქტი გააჩნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ღიად და არგუმენტირებულად ესაუბრა, თუმცა, მყვირალა, უშინაარსო და მოკლევადიან პროპაგანდაზე გათვლილი განცხადებების გარდა მისგან არაფერი მოგვისმენია,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
13-05-2026