31-07-2020
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოფელ ხატისოფელში ახალი სამაცივრო მეურნეობა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გიო“-ს ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა.
„დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გიო“-ს ახალი სამაცივრო მეურნეობის საწარმოო პროცესს გავეცანით. მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოში 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მსგავსი კოოპერატივები ჩვენს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უდაოდ უწყობს. ფერემერების წახალისებისთვის სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლება, ვცდილობთ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დარგი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ ბოლნისს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სამაცივრო მეურნეობა შეემატა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.