31-07-2020
ჩემთვის სიამოვნებაა გაეროს განვითარების პროგრამის სახელით საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო; მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა, - ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი.
„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო. საქართველოს ასევე ვულოცავ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დამყარებულ ძლიერ კავშირს. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი მოეშვა. იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაემორჩილებიან მითითებებს. კარგად ვხედავთ, რომ ამ ნიშნით და ამ მომენტამდე საქართველო წარმატებული ქვეყანაა.“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ.
„პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მინდა ხოტბა შევასხა გახსნილობისთვის და იმ სურვილისთვის, რომელიც გამოხატა არა მარტო წარმატების ფაქტორების შესწავლის მიმართ, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მეორე ტალღის ან სხვა კრიზისების შემთხვევაში.
გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებების სახელით მდგრადი განვითარების მიზნების ფონზე და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებით, რომ არავინ გამოგვრჩეს, ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას მოწყვლადი ჯგუფების გამოცდილების გაანალიზების მიმართ, რადგან ისინი პანდემიის პერიოდში შესაძლოა გაზრდილი რისკების ქვეშ იმყოფებოდნენ. შესწავლილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი უთანასწორობის ფაქტორები. ეს არა მარტო იმისთვის არის საჭირო, რომ დავინახოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში არა მარტო პანდემიის კონტექსტში, არამედ ასევე ნებისმიერი სამომავლო უთანასწორობასა და მარგინალიზაციის მიმართებით.
ახალი სლოგანი გვაქვს გაეროში და ადრე არსებულის ნაცვლად ფორმულირება მცირედით შეცვლილია. ადრე თუ ვამბობდით: უკეთ ვაშენოთ წარსული! ახლა ვამბობთ: უკეთ ვაშენოთ მომავალი!
არავინ გამოგვრჩეს და უკეთ ვაშენოთ მომავალი! საქართველოს ამგვარად ეყოლება უფრო გამძლე და მედეგი საზოგადოება მომავალში“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.