გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

7-08-2020

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა. მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 მაღალი ხარისხის და საინტერესო ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს კი, სპეციალური პრიზი გადაეცა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ ულტრათანამედროვე პრიზები გადასცა.

კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას მხოლოდ ჟიურის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს. კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News“), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველი ადგილი ლაშა გულუაშვილმა დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომშიც განხილულია Newpost.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია. სტატიის მიხედვით, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო სამუშაოების განხორციელების პროცესის შეფერხების გამო, 37 მილიონი დოლარის გადახდა სთხოვა. შეფერხების მიზეზი სამუშაოების ტერიტორიაზე მდებარე კერძო პირის საკუთრება გახდა, რომლის დანგრევაზე მესაკუთრემ უარი განაცხადა. ლაშა გულუაშვილმა სტატიით გავრცელებული ინფორმაცია ყველა სავარაუდო წყაროსთან გადაამოწმა, შესაბამისი დოკუმენტაცია მოიძია, ასევე, გადამოწმების მიზნით, დაკავშირება სცადა ინტერნეტ-გამოცემის რედაქციასთან, თუმცა უშედეგოდ. ჩატარებული მოკვლევის შედეგად, კონკურსანტმა დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ადგილის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 11 Pro გადაეცა.

მეორე ადგილზე მარიამ ნამიჭეიშვილი გავიდა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ყალბი ონლაინ გაყიდვების საიტებს და ფეიკ პროდუქციას ეხება. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ვებ-გვერდზე სხვადასხვა ფეიკ პროდუქციის რეკლამირების მიზნით, ერთი და იგივე მომხმარებლისა და „ექიმის“ ფოტოები სხვადასხვა სახელებითა და გვარებით არის გამოყენებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნაშრომის ავტორმა მოიძია შესაბამისი წყაროები, გამოიყენა გუგლის საძიებო სისტემა, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია და დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მარიამ ნამიჭეიშვილს კომუნიკაციების კომისიისგან უახლესი მოდელის iPad გადაეცა.

მესამე ადგილის მფლობელი ნენე ჟვანია გახდა, რომლის საკონკურსო ნაშრომში განხილულია Euronews.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით "5G-ის ანტენების მიმდებარედ ფრინველები იხოცებიან?" გამოქვეყნებული სტატია, ისევე როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, - თითქოს 5G ტექნოლოგია მართვის, თვალთვალის, კონტროლისა და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალებაა, „მეცნიერების დასკვნის“ საფუძველით ვრცელდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას და ინფორმაციის სიყალბეს ნაშრომის ავტორი სწორედ მეცნიერთან გადამოწმების საფუძველზე და ინფორმაციის კრიტიკული შეფასებით ადასტურებს. ნენე ჟვანიამ მესამე საპრიზო ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ჰასმიკ ბაღდასარიანს, რომლის საკონკურსო ნაშრომი ეხება კორონა ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, შესაძლებელია თუ არა განმეორებითი ინფიცირება, როგორ ხდება ვირუსის გადაცემა, მოქმედებს თუ არა 5G ტექნოლოგია, ან ამინდი ვირუსზე და სხვა. ნაშრომის ავტორმა აღმოაჩინა, რომ ეს მოსაზრებები არ ეფუძნება წყაროებს და ფაქტების გადამოწმებით თავად დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. ჰასმიკ ბაღდასარიანს კომუნიკაციების კომისიისგან iPhone SE გადაეცა.

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მესამედ ჩაატარა. კონკურის პარალელურად, კომისიამ ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისისა და რეგიონების სკოლებში სასწავლო სესიები ჩაატარა. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, მოზარდებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოსწავლეებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930