9-08-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.
შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.
"ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა პრემიერმა.