გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 61 საზოგადოებრივ ცენტრში წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

10-08-2020

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.

მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა. სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.psh.gov.ge

მოცემულ კრიტერიუმს იუსტიციის სახლის მესტიის ფილიალიც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ფილიალში დაჯავშნის სისტემა შენარჩუნებული იქნება, ბოლო დღეებში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო.

რაც შეეხება ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე, შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურებით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

სერვისის მისაღებად პირმა my.gov.ge პორტალზე, კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მას მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:


- დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge;
- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

- მოქალაქე ფილიალში პირბადის გარეშე არ დაიშვება;

- ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქის თანმხლები პირები;

- მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტით გაეგზავნება;

- იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს, რომელთაც დაჯავშნილი აქვთ ვიზიტები, მოემსახურებიან ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930