12-08-2020
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.
გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე.
საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ"-ნათქვამია განცხადებაში.