13-08-2020
„საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა“ - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკარტიის შემდგომი გამნტკიცებისთვის საქართველოში საპარალემნტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა ამისათვის პოლიტიკურ ნებისა და ქართველი ხალხის მზაობის არსებობის მნიშვნელობა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორადაა აღიარებილი. პანდემია კი არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ რა ზემოქმედებას ახდენს საქართველოსთან ამერიკის პარტნიორობა ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრებაზე. „ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა. მისი თქმით, საამაყოა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დღეს სწორედ ამერიკული დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ცენტრი დგას და გასაკვირი არც ისაა, რომ რუსული დეზინფორმაციის სამიზნე სწორედ ლუგარის ცენტრია - „როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევნის ხელშესახები შედეგი“.
აშშ სახელმწიფოს მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც დაეხმარება. „საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება“ - განაცხადა სტივენ ბიგანმა. მისი თქმით, ამერიკის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავად აკონტროლებდნენ თავიანთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის შუქცევადობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირი და ნატო უჭერს მხარს. „უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოველისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა.
„მე მსურს ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება“ - დასძინა მან.