14-08-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინეს. თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ რატომ არ არის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო.
თამარ გაბუნია: „სკოლაში, მოსწავლეების გარდა, ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის, პირბადის ტარება არის სავალდებულო. რა თქმა უნდა, მოსწავლეებსაც შეუძლიათ პირბადის გამოყენება, მაგრამ იმის გამო, რომ პირბადის გამოყენებას აქვს თავისი წესი და ხშირად ბავშვმა შეიძლება ვერ დაიცვას ზედმიწევნით ზუსტად ის ჰიგიენური ნორმები, რაც პირბადეს უკავშირდება – მოიხსნას, არასწორ ადგილზე დადოს, ან არასწორად გაიკეთოს. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვი იყოს პირბადის გარეშე, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ პირს უნდა ეკეთოს პირბადე.
პირბადის მოხმარების წესების დაცვიდან გამომდინარე მოსწავლეებისთვის პირბადის გამოყენება დიფერენცირებულად – გაიკეთოს ოთახში და არ გაიკეთოს გარეთ, ან პირიქით – გამოიწვევს გარკვეულ დაბნეულობას. ამ დროს შეიძლება დაირღვეს პირბადის გამოყენების წესი. ამდენად, ვინაიდან მეცნიერები და ექიმები ამბობენ, რომ ბავშვი ინფექციის ნაკლებად გადამცემია, დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე.“