გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები

14-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მმართველი გუნდიდან, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც.

აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს.

ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად.

შრომა აქ, კახეთში, ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ 2012 წელს ჯამში კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. შარშან, 2019 წელს კახეთში ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი - ხუთჯერ მეტი - უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს - დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. მერე ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, ამ დახმარებას გააგრძელებს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. ამ დახმარების ყველაზე კარგი მაგალითი წელს იყო ატმის ჩაბარება. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, ვაშლის მოსავალს როგორ მივიღებთ წელს გორის მუნიციპალიტეტში. შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.

ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები.

ჩვენი ვალდებულებაა და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები, რომ მათ სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო, სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და რა თქმა უნდა, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე.

ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობა. ჩვენ ყველამ უნდა ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო, რა გაკეთდა, ბევრი გაკეთდა წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, სოფელ უდაბნოში, სადაც წყალი არასოდეს ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყლის სისტემა ორი წლის წინ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გრძელდება და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება.

სკოლები და საბავშვო ბაღები - მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ, რომ მათ ნორმალური განათლება მიიღონ. ეს პროცესიც გაგრძელდება. მაგისტრალურ გზებზე, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო, ბოლობოლო კახეთი-თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ.

არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენი ადგილიდან, იქნები ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, თუ დეპუტატი, ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს. დარწმუნებული ვარ, დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს პარლამენტში ღირსეულად წარმოადგენს და თქვენი ხმა ღირსეულად გაისმება საქართველოს პარლამენტში. გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებას!"-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930