18-08-2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დმანისში, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც საქართველოს უძველესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საუნჯეა. სწორედ დმანისის რეგიონში, გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანების, ჰომინიდების ნაშთები, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ.
პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად.
ამ მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო.
ჩვენი გუნდის მთავარი მიზნები სწორედ განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობაა, რასთან ერთადაც ყველა იმ სფეროს განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდაზე ვიმუშავებთ, რომლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვალა, იქნება ეს ჯანადაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, საგარეო მიმართულება თუ სხვა.
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, ზრუნავს მათზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებს ეფექტურად პასუხობს და უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული მუნიციპალიტეტის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ყველა დმანისელი, დამოუკიდებლად მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა ერთიანია იმაში, რომ ამ მშვენიერ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ამ პოტენციალის რეალიზება ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ, დმანისის და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს მომდევნო წლების განმავლობაში ერთად ავაშენებთ, ერთად დავხვდებით ყველა გამოწვევას და ერთად ვიზეიმებთ საქართველოს წარმატებას !
ერთად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.