19-08-2020
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ინფორმაციითვე, უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით.